Featured

თვალცრემლიანობა

გოგონა კიბის საფეხურზე ჩამოჯდა და ატირდა. მოგვიანებით უნივერსიტეტის ფსიქოთერაპევტი ამ მოვლენას ბლოკნოტში შემდეგნაირად ჩაინიშნავს–თ ვ ა ლ ც რ ე მ ლ ი ა ნ ო ბ ა . გოგონა კიბის საფეხურზე სანამ ჩამოჯდებოდა, იდგა დაკეტილ კარებთან, სახედაჭმუჭნული და გულაწყალებული. ამაზე ადრე, სანამ კარები ღია იყო, ის იცინოდა და ხელს უქნევდა წამსვლელს. სტუმარი ქალი იყო მისი მეგობრის შეყვარებულყოფილი და გოგონას, როგორც შუამავალს, თავის სახლში დარჩენილი ნივთები მოუტანა. რადგან თვითონ შეყვარებულყოფილი იყო და ამ ნივთების პატრონთან შეხვედრის საბაბი აღარასდროს მიეცემოდა.

გოგონა სტუმარს შეეკითხა ჩაის ხომ არ ინებებთო. იმან, კიო–უპასუხა. ასე გაივსო ორი ფინჯანი–ერთი მულტფილმის ნახატიანი და მეორე–სილვიაპლათიანი, მოვარდისფრო ხილის ჩაით. სილვიაპლათიანი გოგონას ეკუთვნის, ყოველი ჩაის სმისას. და არავის სხვას.

–როგორ მოგწონს ახალი ცხოვრება?–იკითხა ქალმა. რადგან იგი იცნობდა გოგონას მაშინაც, როცა ძველ ცხოვრებაში ცხოვრობდა და იცნობს ახლაც, როცა უკვე ყველაფერმა სხვა სახე მიიღო.

–ამმ..–არ იცის, თავი მოიკატუნოს თუ ცოტა გულწრფელი იყოს.–თავიდან ძნელი იყო. ძალიან მარტო ვიყავი და თან…–ხელის მტევანი თავთან მიაქვს და რამდენჯერმე მსუბუქად ატრიალებს.–არეული ვიყავი ცოტა. ცუდად ვიყავი. ახლა მივეჩვიე.–იცინის.– თვალებით საშაქრეს ეძებს.  ხშირად ფიქრობს ხოლმე, რომ დიდებული სიცილი აქვს. ლამაზი და გადამდები. ამიტომ ლაპარაკისას ხშირად ეცინება, რათა ყველა უხერხული წამოცდენა სასიამოვნო შთაბეჭდილებით გადაფაროს.

ქალი უყურებს… ისე დაჟინებით, რომ გოგონას სუნთქვა ეკვრის. არადა ისე ყოჩაღად ისხლეტს მიშტერებებს. მეტროში, უნივერსიტეტში, ბიჭების მიშტერებებს, შუა ხნის ქალების მიშტერებებს. ახლა კი საშინლად ეუხერხულება ამ ქალის უდრეკი სახე და თვალებით საშაქრის ძებნას აგრძელებს.

–შენ, ჩემი არ იყოს ზედმეტად მელანქოლიური ჩანხარ.

გოგონა შვებამოგვრილი და შერცხვენილი ძირს იხედება და ღიმილით ამბობს: შეიძლება. მერე ტრიალდება და თაროზე შემოდებულ წითელ საშაქრეს სწვდება.

–რა დამთხვევაა.–მიმართავს ქალს, როცა იგებს, რომ მასაც ორი კოვზი შაქარი უნდა.–მეც სულ ორს ვიყრი ხოლმე.

–მე თუ ტკბილს ვაყოლებ, ერთს ვიყრი და თუ ყავას ვსვამ–სამს.–შუბლშეკრული ქალი სადღაც იხედება.–უი, შოკოლადი მოგიტანე.–ჩანთიდან აძვრენს ყუთს გამჭირვალე სახურავით. შიგნით ნიჟარების ფორმის შოკოლადები აწყვია.

–რა ლამაზია.

–ჰო, იმედია გემოც კარგი ექნება.

ჩაი მზადაა. გოგონა ქალს დაბნეული აწვდის ფინჯანს. სტუმარს ხელი ეწვება და მოწითალო სითხე იისფერ დივანზე ექცევა.

–ეგ არაფერი.

ქალი უყვება სამსახურზე, ნაცნობებზე, ყოფილ ქმარზე, შვილებზე, ნათესავებზე. გოგონაც ყვება რაღაცებს. ორივე იცინის.  დიდი დრო გადის. ქალი ეკითხება, რას აპირებო. არაფერსაც არ ვაპირებო–ეუბნებიან. აქამდე რას აპირებდი, ფსიქოლოგიაზე ხომ ჩააბარე და რას აპირებდიო. ჩემი თავის შველა მინდოდა, ცუდად ვიყავიო, ეუბნება გოგონა.

ქალი დიდხანს ზის ასე, ქურთუკჩაბღუჯული და წარბაწეული ფიქრობს ყველაფერზე, რაც მე ვუთხარი. მეც ასე ვზივარ და ჩუმად ვიცინი.

,,…არ ვიცი, რა უნდა ქნა…’’

ღიმილიანად ვქშიტინებ–არც მე.

ქალი დიდხანს, დიდხანს ზის ასე. მერე მე მიყურებს. მეც ვუყურებ. აღარ მაშტერდება. წყლიანი თვალები აქვს და სევდიანად იღიმის. სასწრაფოდ იხედება სხვა მხარეს.

–მგონი ძალიან იტანჯები.

მე ვიცი, როგორ არ უნდა ვიტირო, როცა დამსწრეები მყავს. ჯერ კიდევ ყოჩაღი გოგო ვარ. მხიარული მასპინძელი. ჩემს სახლში. ჩემს არეულ, გადათხრილ თავში.

კიბესთან მივდივარ, გრძელფოთლება მცენარეს ვეფერები. კარი გავაღე ქალისთვის, რომ წასულიყო. შიშველი მკლავებით ვდგავარ კარის წინ. ზამთარია. დეკემბერია. ქალი ჩერდება და მოკეცილი საჩვენებელი თითის სახსრით მეხება მკლავზე.

–სალომე, არ გცივა?

არ ვუყურებ, არაფერს არ ვგრძნობ, ცოტათი მადლიერი ვარ, მაგრამ მაინც მოწყვეტილი და უხმო ყვავილზე შეერთებული. სულ ცივა ხოლმე სახლში და მე მაინც შიშვლად ყოფნა მიყვარს.

–მიჩვეული ვარ.

ქალი გადის. მე კარებისკენ ვტრიალდები. მეუბნება, რომ მივიდე ხოლმე მის სახლში რადგან მას აღარ აქვს ჩემს სახლში მოსვლის მიზეზი. მისი ყოფილი შეყვარებულისგან მორჩენილი ყველა ნივთი ჩემს მაგიდაზე დატოვა. ვეუბნები, რომ მომერიდება. ვეუბნები, რომ მადლობა. ის ამბობს, რომ პირიქით. რომ დროებით. რომ შევხვდებით. მე ვიღიმი–მომაჯადოებელი, ციმციმა ღიმილით. დეკემბერია, მაგრამ სულაც არ მცივა. კარებს ვხურავ. მაშინვე ვგრძნობ მუცელში დანის ჩარტყმას. და მერე გულში. კბილისძირებში. მხრებში. ბეჭებში. მუხლებში. ნელა ავდივარ კიბეზე და ბოლო საფეხურზე ვიკეცები. რათა ვიტირო. და მერე უნივერსიტეტის ფსიქოთერაპევტმა ტუჩებმოკუმულმა ჩაწეროს შავ ბლოკნოტში–თ ვ ა ლ ც რ ე მ ლ ი ა ნ ო ბ ა.  და მაინც ვერაფერი მითხრას. რადგან ძალიან ვიტანჯები და არავინ ვიცით, რა უნდა გავაკეთო. საერთოდ არავინ ვიცით. მერე ტანს ვითრევ, მეორე სართულის ფანჯარასთან მივბაგუნობ და ვუყურებ, როგორ შორდება ჩემს სახლს შავი სილუეტი. იქნებ რამე დარჩა და მობრუნდეს… ბოლომდე ვუყურებ ამის მოლოდინში, თუმცა არ ბრუნდება.